რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ბიზნესზე?

სოციალური მედიისა და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ ბიზნესებს უხდებათ ახალი სტრატეგიების შემუშავება, რათა შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი ბაზარზე.

სოციალური მედია ნებისმიერი ტიპის ბიზნესზე ახდენს გარკვეული მასშტაბის გავლენას.

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას.

მარკეტინგი

მსოფლიო ახალგაზრდების 95% აქტიურად იყენებს მინიმუმ 1 სოციალურ მედია საშუალებას.

ამ შთამბეჭდავი რიცხვის უკან დგას სოციალური მედიის მნიშვნელობა, თანამედროვე მარკეტინგული საქმიანობის განხორციელების კუთხით.

მათ შორის საქართველოშიც, სადაც აქტიურად გამოიყენება ფეისბუქი და ინსტაგრამი, შესაბამისად ფეისბუქის ეფექტური მართვა და რეკლამირება საშუალებას აძლევს ქართულ ბიზნესს შეიმუშავოს და განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული საქმიანობა, რასაც ფაქტობრივად ახორციელებს კიდეც სულ უფრო მეტი ქართული კომპანია. (იხ. ჩვენი წარმატების ისტორიები).

ბრენდინგი

სოციალური მედია ეფექტურად გამოიყენება ბრენდირებისთვისაც, კერძოდ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის.

სოციალურ მედიაში წარმატებული ბრენდინგი მიიღწევა მიზნობრივ მომხმარებელში პოზიტიური ემოციების ჩამოყალიბებით, მათ შორის ვიზუალური და ტექსტური მასალების გამოყენებით.

განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა ვიდეო რგოლებისა და ანიმაციის გამოყენება.

სოციალურ მედიაში ბრენდირების განხორციელებისას, მნიშვნელოვანია დაცული იქნეს ბრენდირებული დიზაინის ნორმები: ბრენდის ფერთა შეხამება, ლოგო, ფოტო-ვიდეო მასალის ხარისხი და სხვა.

წარმატებული ბრენდირების მნიშვნელოვანი ელემენტია მომხმარებელთან კომუნიკაცია, რომელიც მომხმარებლისთვის პოზიტიური ემოციის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგი ელემენტის განხილვისას.

კომუნიკაცია

სოციალური მედია არა მხოლოდ მარკეტინგისა და ბრენდირებისთვის არის საუკეთესო, იგი ამავდორულად მომხმარებელთან კომუნიკაციის ძლიერი საშუალებაა.

მაგალითად, ფეისბუქი მუდმივად ცდილობს რაც შეიძლება მეტად მორგებული იყოს ბიზნეს კომუნიკაციის თვალსაზრისით და ამ მიზნით დიდ რესურს ხარჯავს საკუთარი სოციალური მედია პლატფორმების ტექნიკური განვითარებისთვის.

როდესაც საუბარია მომხმარებელთან კომუნიკაციაზე, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მომხმარებელს ურჩევნია სატელეფონო ზარის მაგივრად, სოციალური მედიით განახორციელოს კონტაქტი გამყიდველთან, დაწეროს შეფასებები, კომენტარები.

ამასთან სოციალური მედია საშუალებას იძლევა ვიზუალური პოსტებით მოხდეს მომხმარებელთან პირველად კონტაქტი, თანაც მისი ინტერესების მიხედვით გამოუჩნდეს მომხმარებელს შესაბამისი პოსტები.

მომხმარებელთან კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია სისწრაფე (30 წუთზე მეტი არ უნდა ელოდებოდეს პასუხს) და ინფორმაციულობა, პასუხი უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული და სრულყოფილი.

ბოლო დროს, კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც კომუნიკაციის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა.

მაგალითად ჩატბოტები, რომლებსაც უნარი აქვთ დაუყოვნებლივ შევიდნენ კომუნიკაციაში მომხმარებელთან და მიაწოდონ  მას პირველადი ინფომაცია.

გაყიდვები

სოციალური მედია მარკეტინგი მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, თუ მისი მეშვეობით ხორციელდება გარკვეული რაოდენობის გაყიდვები.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ხისტი გაყიდვების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

წარმოიდგინეთ ყველის გამყიდველი, რომელიც მკაცრი სახით ჯერ წონის ყველს და მერე შეფუთულს აწვდის მომხმარებელს, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს ანგარიშსწორებას.

ასეთი ფორმით თქვენ ვერაფერს გაყიდით სოციალურ მედიაში. ნაცვლად შემაწუხებელი რეკლამისა, რომ თქვენ ამა თუ იმ პროდუქტს / მომსახურებას ყიდით, ჯობია გაყიდვები განახორციელოთ არაპირდაპირი მეთოდებით, მომხმარებელთან ეფექტური ინტერაქციის გზით.

მაგალითად, თუ გაქვთ რესტორანი და მომხმარებელს სთავაზობთ უგემრიელეს ბორშს, ნაცვლად უბრალოდ მოწოდებისა „მოდით ჭამეთ ბორში“, ჯობია დაამზადოთ ბრენდირებული ფოტო, რომელზეც გამოსახული იქნება თქვენ მიერ შემოთავაზებული ბორში – საუკეთესო ვიზუალით, თქვენი რესტორნის ლოგოთი და ბრენდირებული ფერებით.

ფოტოს დაურთეთ ტექსტი: „ასეთ ბორშს მიირთმევენ ჩვენთან საუზმეზე, გასინჯეთ თქვენც“.

ბოლოსიტყვაობა

სოციალურმა მედიამ შეცვალა ბიზნესსა და მომხმარებელთა შორის ურთიერთობის ფორმა, სიხშირე და სისწრაფე.

ეს ყველაფერი უფრო პერსონიფიცირებულ, დინამიკურ და ვიზუალიზაციაზე დაფუძნებულ ურთიერთობად იქცა.

სოციალური მედიის მეშვეობით გაყიდვა კი ხელოვნებაა, ადამიანებთან კომუნიკაციისა და მათზე პოზიტიური გავლენის მოხდენის სახით.